ზაალ უდუმაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დამფუძნებლები გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მის კანდიდატურას დაასახელებენ, ის შეასრულებს ამ მოვალეობას.
ამის შესახებ გენერალური დირექტორის მოადგილემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
„თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება დამფუძნებლების მხრიდან, მე შევასრულებ იმ მოვალეობას, რასაც დამაკისრებენ. ეხლა ყველაზე რთული პერიოდი დგას რუსთავი2-ის ისტორიაში, რაც გამოუვლია კომპანიას თავისი ისტორიის განმავლობაში და გადარჩენისთვის ვიბრძვით, რომ კომპანია გადავარჩინოთ, იმ საშიშროებისგან, რაც მას ელოდება.
"როდესაც იხსენებ, რომ ორი ფარატინა ფურცლით მოსამართლემ ამ ხალხს რამდენიმემილიონიანი ქონება გადასცა, როგორ უნდა დავიჯეროთ იმ გზავნილების, რაც იქიდან ისმის, როგორ უნდა დავიჯეროთ ის, რომ აქ შენარჩუნდება სარედაქციო პოლიტიკა. თუ ქიბარ ხალვაშმა აიღო ეს ტელევიზია, რადიკალურად შეიცვლება აქ ყველაფერი," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, ტელეკომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.