20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
"სამარცხვინო ფორმებით მოხდა ორივე გადაწყვეტილების მიღება," - თინა ხიდაშელი სასამართლო გადაწყვეტილებებს აფასებს

პარლამენტის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომელიც საკანონმდებლო ორგანოდან ელექტრონული ფოსტით გაიგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოში, საკუთარი პოზიცია თავდაცვის მინისტრმაც დააფიქსირა.

თინა ხიდაშელი საკონსტიტუციო და საქალაქო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ერთნაირად არასწორად, არაგამჭვირვალედ, უფლებამოსილების გადაცილებით მიღებულ გადაწყვეტილებებს უწოდებს.

 "სამარცხვინო ფორმებით მოხდა ორივე გადაწყვეტილების მიღება. ორივე გადაწყვეტილება ჩუმად იყო მიღებული, მხარეების გარეშე და ეს არ არის სწორი. ეს არ ემსახურება არავითარ პროგრესს, არ ემსახურება ქვეყანაში პრობლემის მოგვარებას. როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ორივე შემთხვევაში ერთნაირად არასწორად, არაგამჭვირვალედ, უფლებამოსილების გაცდენით მოხდა გადაწყვეტილების მიღება.

"კანონს თუ შევხედავთ, არაფერი არ დაურღვევია არც ერთს. კანონის მიხედვით, როგორც ურთმელიძე არის აბსოლუტურად პირნათელი კანონის წინაშე, ასევე აბსოლუტურად პირნათელნი არიან ისინიც, მაგრამ იმიტომ წერია კანონმდებლობასა და კონსტიტუციაში, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კანონის და შინაგანი რწმენის საფუძველზეო, რომ ის შინაგანი რწმენა უნდა ჩამოგიყალიბდეს, მათ შორის იქიდან გამომდინარეც, რომ 2015 წელია, საქართველოა და დემოკრატიული ქვეყანაა. რომ არ შეიძლება, გადაწყვეტილება ჩუმად გამოგქონდეს შენთვის, ჩაკეტილ ოთახში და შემდეგ როცა საჭიროდ ჩათვლი, საზოგადოებას ამას ისე აცნობებდე.

"ეს არის აქ მთავარი პრობლემა ორივე შემთხვევაში და როცა საკონსტიტუციო სასამართლო ისე იხილავს საკითხს, რომ მხარეს და ამ შემთხვევაში პარლამენტს საერთოდ არ აგებინებს, მე ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ისეთივე პრობლემაა, როგორც პირველ შემთხვევაში", - განაცხადა ხიდაშელმა.

დღის ამბები