ნიკა გვარამია რამდენიმე საათის წინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს. გვარამია ამბობს, რომ ის დაეყრდნო რევაზ საყევარიშვილისა და დავით დვალის განცხადებებს და ამის საფუძველზე განაცხადა, რომ საჯარო რეესტრმა უკანონოდ დაარეგისტრირა დვალისა და საყევარიშვილის დოკუმენტაცია.
"მე მინდა განვმარტო ჩემი პოზიცია რეესტრთან დაკავშირებით, ბოდიში მოვიხადო და უკან წავიღო ჩემი სიტყვები. დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხეთ გადამოწმება რეგისტრირებული იყო ეს ყველაფერი თუ არა. ყოველ შემთხვევაში საიტზე არ ჩანს. იმედს ვიტოვებ, რომ არ ჩანს იმიტომ, რომ ის არ არის რეგისტრირებული.
ჯერჯერობით არ არის რეგისტრირებული და იმედია არც მოხდება. კიდევ ერთხელ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და ეს ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული,"- განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის დროებითმა მმართველებმა დღეს პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ დოკუმენტაცია ნოტარიუსმა დაამოწმა და ის უკვე დარეგისტრიტებული იყო საჯარო რეესტრში.
შეგახსენებთ, რომ ამის შემდეგ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ის არ არის თანახმა შეთავაზებაზე და მოუწოდა დროებით მმართველებს ნაკისრი ვალდებულებები თუნდაც დისტანციურად შეასრულონ.