ადამიანის უფლებების შესწავლისა და მონიტორინგის ცენტრი კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
საუბარია ორ ნორმაზე - ერთი, რომლის მიხედვითაც კონტრდაზვერვას მოსამართლის გარეშე შეუძლია ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა მოახდინოს და ასევე ელექტრონული თვალთვალი განახორციელოს მხოლოდ ერთი პირის თანხმობის საფუძველზე.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს ნორმები აზრს უკარგავს კონსტიტუციური დაცვის გარანტიას და არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
“ჩვენ ვამტკიცებთ სარჩელში, რომ მოსამართლის ნებართვის და კონტროლის გარეშე, ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, ისევე როგორც ფარული მიყურადება ეწინააღმდეგება პირველ რიგში პირადი ცხოვრების უფლებას, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.