მთავრობის კანცელარიასთან პატრიოტთა ალიანსის მოშიმშილე ლიდერები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მოინახულა.
დიმიტრი ხუნდაძე აქციის მონაწილეების მოთხოვნებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.
„საჭიროების შემთხვევაში, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა იქნება დაცული. მე მქონდა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე მერიასთან და ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ დაცული იყოს თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობა,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეხვედრისას ირმა ინაშვილმა შიმშილობის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის 24 საათიანი მორიგეობა მოითხოვა.
“სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სამედიცინო მომსახურებაზე, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ იყოს ბიო საპირფარეშოები, ასევე უნდა იზრუნოს, რომ განათება იყოს. ჩვენ გუშინ ჩაგვიქრეს შუქი, არ იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, რასაც გვპირდებოდნენ,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ხუნდაძის თქმით კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების 24 საათიანი მორიგეობის საჭიროება ჯერ არ არსებობს.