დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დღის ცენტრის ხელმძღვანელის ინგა სულაძის ინფორმაციით, ცენტრისთვის არსებული ფართი, რომელიც მათ საბურთალოზე - მიცკევიჩის ქუჩაზე ნაქირავები ჰქონდათ ერთი კვირის წინ დატოვეს. მიზეზი იმავე შენობაში მომუშავე სხვა დამქირავებლების მხრიდან ბავშვების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება გახდა.
სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ ვისაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების გვერდით მუშაობა არ სურდათ, პრეტენზიით ფართის მეპატრონესაც მიმართეს.
სარეაბილიტაციო ცენტრმა მისამართი შეიცვალა, თუმცა ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. ცენტრს დღეს 30 ბენეფიციარი ჰყავს. დისკრიმინაციის ფაქტის გამო, ცენტრის სპეციალისტების გარდა, შესაბამისი ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მხრიდან რეაგირებას ითხოვენ ბენეფიციარების მშობლებიც.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა და ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები მომხდარს დისკრიმინაციად აფასებენ და სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობენ.
სარეაბილიტაციო ცენტრ "მზის შვილების" წარმომადგენლებმა სარჩელის მომზადება უკვე დაიწყეს.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.