საქართველოში სტიქია არ ცხრება. სურამში დახმარებას სხილაძეების ოჯახი ითხოვს. მათი განცხადებით, ადიდებული მდინარე ჯებირს ძირს აცლის, უკვე წაიღო ეზოს ნაწილი და სახლს საფრთხეს უქმნის.
დახმარების თხოვნის მიუხედავად, სხილაძეების თქმით, მათთან ამ დრომდე არავინ მისულა.
მძიმეა მდგომარეობა ხაშურის რაიონის რამდენიმე სოფელშიც. განსაკუთრებით ოსიაურში, სადაც მდინარე სურამულა კალაპოტიდან გადავიდა, დატბორა საცხოვრებელი სახლები და მიედინება ცენტრალურ მაგისტრალზე.
თუკი დახმარებას არ აღმოუჩენენ, სოფლის მოსახლეობას ღამის გათევა ღია ცის ქვეშ მოუწევს. მათ არც მშრალი ტანსაცმელი და პირველადი საჭიროების ნივთები აქვთ. წყალმა წაიღო ადგილობრივების წვრილფეხა ცხოველი და ფრინველიც. იგივე მდგომარეობაა მდინარე ფცის კალაპოტშიც.