20 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
რუსთავი2 ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებს

ფრანგი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისში, საფრანგეთის საელჩოსთან დღეს დილიდან კვლავ იკრიბებიან მოქალაქეები. ისინი თანაგრძნობის და ტერორიზმის დაგმობის მიზნით ერთიანდებიან.

საელჩოსთან მოაქვთ ყვავილები და გვირგვინები. აქვე იგეგმება სამძიმრის წიგნის გახსნა.

საფრანგეთის საელჩოსთან, მხარდაჭერის გამოსახატად, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მისი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილიც იმყოფებოდნენ.

"როგორც ალბათ ყველა საღ გონებაზე მყოფი მსოლფიოს მოქალაქე არის შოკირებული, ისევე ვართ ჩვენც. წარმოუდგენელი მასშტაბის და სითავხედის აქტია ეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მსოფლიო უნდა შეიკრას ტერორიზმის წინააღმდეგ. როგორც აქტიური ტერორიზმის, ასევე ტერორიზმის წამახალისებლების წინააღმდეგ. რომლებიც სულ აგერ ჩვენს საზღვრებთან არიან. ტერორიზმი უნდა დაისაჯოს და უნდა აღმოიფხვრას. მხოლოდ ეს არის ტერორიზმთან გამკლავების ერთადერთი საშუალება. სამძიმარს ვუცხადებთ ფრანგ ხალხს და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება არსად. არც აქ ევროპაში და არც ამერიკის კონტინენტზე და არსად," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ფრანგ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა ტელეწამყვანმა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა. 

"საფრანგეთში მომხდარმა ტრაგედიამ დაარწმუნა მსოფლიო, რომ ტერორიზმს რელიგია და ეროვნება არ გააჩნია და დაარწმუნა მსოფლიო, რომ ამ საშინელ ბარბაროსობასთან ბრძოლა მსოფლიოს მხოლოდ გაერთიანებით შეუძლია.  ეს არის მთელი მსოფლიოს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ," - განაცხადა უდუმაშვილმა. 

დღის განმავლობაში საფრანგეთის საელჩოსთან სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც ელოდებიან.

დღის ამბები