ისლამური რელიგიის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირს დღეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტები გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, ისლამი ძალადობის და ტერორიზმის კატეგორიული წინააღმდეგია და მათი დაკავშირება ერთმანეთთან მიუღებელია.
"ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. ისლამი არ არის მოძალადე და მუსლიმანი არ არის არასდროს ტერორისტი. თუ ვინმე რელიგიას ამოეფარება და ასეთ ქმედებებს ჩაიდენს, ეს ისლამის რელიგიას არ უნდა მივაწეროთ," - განაცხადა დასავლეთ საქართველოს მუფტმა ბეგლას ქამაშიძემ.
ტერორისტულ აქტებს გაემიჯნა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევიც.
"ისლამი არის სიყვარულის და მშვიდობის მქადაგებელი რელიგია და არა ძალადობისა და ტერორის, კითხვა, თუ რატომ ასოცირდება ისლამი ტერორიზმთან, პასუხი მარტივია, ნებისმიერ დაჯგუფებას, ან ორგანიზაციას შეუძლია სასურველი სახელი დაარქვას და გამოვიდეს საზოგადოების წინაშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა, ამოეფარნენ რელიგიას. მე გარწმუნებთ, რომ ისლამთან არანაირი კავშირი არ აქვს ტერორიზმს. ვწუხვართ, იმ ტრაგიკული მოვლენების გამო, რაც საფრანგეთის დედაქალაქში მოხდა," - განაცხადა მუფტმა იასინ ალიევმა.