სოხუმის თანხმობის შემთხვევაში რუსი ინვესტორები მზადყოფნას გამოთქვამენ, ბაბუშერას აეროპორტს რეკონსტრუქცია ჩაუტარონ და რუსეთის მიმართულებით ფრენები დაიწყონ.
რომელი ავიაკომპანია შევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უცნობია. სოხუმში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ცნობილი მხოლოდ ის გახდა, რომ სოხუმი რუსული ბიზნესისთვის აეროპორტთან ერთად ოჩამჩირის საზღვაო პორტის დათმობასაც აპირებს.
იმისთვის, რომ ოკუპირებული ყირიმის მსგავსად, სოხუმიდან ფრენები განხორციელდეს რუსულმა ავიაკომპანიებმა ნებართვა თბილისიდან, საჰაერო ნავიგაციიდან უნდა მიიღონ. მსგავსი პრეცენდენტის დაშვებას გურამ ჯალაღონია არ აპირებს და ამბობს, რომ ნებისმიერი რუსული კომპანია, რომელიც სოხუმიდან ფრენას გადაწყვეტს საერთაშორისო ორგანიზაციების შავ სიაში მოყვება.
მთავრობის პასიურ პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ ნაციონალური მოძრაობაში, ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტის საკითხი მოგვარებადია.
ავტორები: დავით კაკულია, მარიამ შანშიაშვილი, გოგიტა მაღლაკელიძე.