ISIS-ის ოფიციალური ვებგვერდი ქართულ ინტერნეტსივრცეში 2015 წლის 22 აპრილიდან ფუნქიონირებს. საიტი ქართულენოვანია. აქ ყოველდღიურად ახლდება სტატიები, განცხადებები, ფოტო და ვიდეომასალა.
ვიდეო არქივში იძებნება ისლამური სახელმწიფოს ხელმძღვანელი პირების მიერ სხვადასხვა დროს გავრცელებული ვიდეომიმართვებიც.
ქართულ ვებგვერდზე არის განცხადებები, რომლებიც კონკრეტულად საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ეხება და სადაც ისლამური სახელმწიფოს ლიდერები მათ მხარდაჭერისა და მორჩილებისაკენ მოუწოდებენ. რამდენიმე თვის წინ შექმნილ საიტს ამ დრომდე 35 ათასზე მეტი მნახველი ჰყავს.
ISIS-ის მხარდამჭერების მიერ შექმნილი რამდენიმე ქართულენოვანი გვერდი არსებობს სოციალურ ქსელ facebook-შიც. ერთ-ერთ ასეთ გვერდს 2 ათასამდე წევრი ჰყავს. მსგავსი პროფილის მქონე ქართული ინტერნეტ საიტების აღრიცხვა და შემოწმება სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტებმა დაიწყეს.
უწყებაში გამოძიების დეტალებზე ოფიციალურ განმარტებებს არ აკეთებენ, თუმცა კურიერს საუბარში უდასტურებენ, რომ ამ ვებგვერდებსა და ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის კავშირის დასადგენად მოკვლევა დაწყებულია.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე