ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ თბილისში. დილიდან არ წყდება ხალხის ნაკადი საკრებულოში, სადაც სამძიმრის წიგნი გაიხსნა.
ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საღამოს 7 საათამდე 13 ნოემბერს პარიზში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმროს ფრანგებს.
საკრებულოს შენობაში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.
„ვუსამძიმრებ ფრანგ ერს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელშიც უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ. ეს ტრაგედია შეეხო არა მხოლოდ ფრანგ ერს, არამედ ცივილიზებული სამყაროს თითოეულ მოქალაქეს. ტერორიზმი თანამედროვეობის უდიდესი საფრთხეა,“ - განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხელ გიორგაძემ.
სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს სხვადასხვა უწყებების პირველი პირების მოადგილეებმა.
„ტერორისტული შეტევები საფრანგეთზე ადასტურებს, რომ დღეს მსოფლიო არის დიდი საფრთხის ქვეშ,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ.
„ეს არის შეტევა ყველა იმ ღირებულებაზე, რაზეც დგას ჩვენი ცივილიზაცია, დემოკრატიული სისტემა,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ.