20 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ახალი ბრალდებები პოლიციელების მიმართ-მოქალაქეები ფიზიკურ შეურაცხყოფასა და უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ

ქობულეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში გატარებული 72 საათის შემდეგ, ბესიკ მახარაძე სახლში სხეულის დაჟეჟილობით, ტვინის შერყევითა და დაზიანებული კისრის მალებით დაბრუნდა.

პოლიციელები ბესიკ მახარაძეს იმ დანაშაულებში მონაწილეობის აღიარებას სთხოვდნენ, რომლებიც ქობულეთში 26 და 27 ოქტომბერს განხორციელდა. სამმა შეიარაღებულმა პირმა ჯერ სოფელ გვარაში ავტოგაზგასამართი სადგური, მეორე დღეს კი ქალაქის ცენტრში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა.

ბესიკ მახარაძის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, გვარაში მომხდარი იმავე ყაჩაღობის გამო, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა 21 წლის მერაბ ტაკიძეც. დაზარალებულის განმარტებით პოლიცია მასაც დანაშაულის აღიარების სთხოვდა სანაცვლოდ კი საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ თავისუფლებას სთავაზობდა.

მსგავსი სპექტაკლის გათამაშებაზე ჰყვება ბესიკ მახარაძეც. მისი განცხადებით, პოლიციელებმა აღიარებითი ჩვენების ვერმოპოვების შემდეგ, ის კაბინეტში დივანზე დასვეს და მეთვალყურედ ერთი პოლიციელი დაუტოვეს. ამის შემდეგ დაკავებული პირველ სართულზე ჩაიყვანეს და საბუთების შევსება დაიწყეს. მორიგი ცემის შემდგ ახალგაზრდა კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ეჭვმიტანილების განცხადებით ამ ყაჩაღობის საქმეზე პოლიციამ იმ პერიოდში არაერთი ახალგაზრდა დააკავა. 30 ოქტომბერს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ვიდეომასალაც გამოჩნდა, რომელიც ყაჩაღობის ორივე ფაქტის წარმატებით და ოპერატიულად გახსნას იუწყებოდა.

მცდელობა, რეპორტაჟში შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია დაფიქსირებულიყო ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა. ძალოვანი უწყება ტრადიციულად დუმს. ის ადამიანები კი, რომლებიც პოლიციელებს ცემასა და წამებაში ადანაშაულებენ, საქმის დროულ და სამართლიან გამოძიებას ელიან.

ავტორი:გიორგი გვიშიანი

დღის ამბები