პანორამა თბილისის პროექტს თბილისის მწვანე საფარი ეწირება. ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების მასობრივი ჭრა მიმდინარეობს და ეს ყველაფერი მერიის მიერ გაცემული ნებართვით ხდება.
ტყის მასივი კი იმ გზისთვის იჩეხება, რომელიც სოლოლაკი-ოქროყანის ალტერნატიული ვარიანტი იქნება და რომელმაც ის გზა უნდა განტვირთოს, სადაც პანორამა თბილისის მშენებლობა მიმდინარეობს.
რატომ ჭრიან დაუზიანებელ ხეებს, ან არის თუ არა ალტერნატიული გზა კავშირში პანორამა თბილისთან, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს არც მერიაში და არც საკრებულოში ისურვეს. რამდენიმე თვის წინანდელ ინტერვიუში კი მერი ადასტურებდა, რომ გზის მშენებლობა სწორედ პანორამა თბილისს უკავშირდება.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ორთაჭალა-შინდისის გზის მშენებლობა წინა ხელისუფლების დროსაც იგეგმებოდა, თუმცა მაშინდელი პროექტით, ამდენი ხის მოჭრა გათვალისწინებული არ იყო. საკრებულოს ოპოზიცია მერიისგან განმარტებებს მოითხოვს.
ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების გარდა საკითხის იურიდიული ნაწილის შესწავლაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთვება. ოფიციალური მიმართვა განმარტებების მოთხოვნით კი მერიაში ხვალ შედის.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი