სააპელაციო სასამართლომ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება, რომელიც რუსთავი 2-ში დროებითი მმართველების დანიშვნას ეხებოდა, სრულიად გააუქმა. ასევე არ დაკმაყოფილდა დავით დვალის მოთხოვნა დროებითი მმართველების სიიდან ამორიცხვის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის კიდევ ერთი განჩინება კომპანიისთვის დადებულ ყადაღას ეხება. მოსამართლეთა კოლეგიამ ურთმელიძის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და კომპანიას აპარატურის გაქირავების უფლება მისცა.
სასამართლომ რუსთავი 2-ს უფლება მისცა გააქირავოს ცალკეული სტუდიები, გააფორმოს საიჯარო ხელშეკრულებები, მათ შორის, მოძრავი ქონების გაქირავებაზეც. ამასთანავე ხელშეკრულების მოქმედების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე განმარტებები გააკეთა რუსთავი 2-ის იურისტმა.
"ამ განჩინებით დადასტურდა, რომ მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებული ყადაღა იყო არათანაზომადი. აღნიშნული ყადაღა არა მარტო ემსახურებოდა მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის ინტერსებს, არამედ უფრო მეტი შეზღუდვები იყო დაწესებული, ვიდრე საჭიროებდა მოსარჩელის ინტერესების დაცვას. დღეს ჩაბარებული განჩინების საფუძველზე დადასტურდა, რომ მედია საშუალებას არ უნდა აეკრძალოს ისეთი ფუნქციების განხორციელება, რომელიც სასიცოცხლოა მისი სამეწარმეო საქმიანობისათვის. დღევანდელი განჩინების საფუძველზე, ის შეზღუდვები, რომელიც ეხებოდა სტუდიის ფუნქციონირებისათვის საჭირო მოწყობილობების, ავტომობილების გაქირავებას, აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნა. ასევე მოიხსნა ჩვენიო პარტნიორებისთვის დაკისრებული აკრძალვა იმის თაობაზე, რომ დაემტკიცებინათ წლიური შედეგები საწარმოში," - აღნიშნა თამთა მურადაშვილმა.