20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
პაატა სალიას თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მათ მოთხოვნებს არსებითად არ ცვლის

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით გამოეხმაურა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი.

პაატა სალიას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, სადაც კომპანიას მოეხსნა შეზღუდვა ტექნიკის გაქირავებასთან დაკავშირებით, მათ მოთხოვნას არსებითად არ ცვლის, რადგან მისი განმარტებით, მათი მიზანი იყო, დავის დასრულებამდე არ მომხდარიყო კომპანიის გასხვისება ან მისი რაიმე სხვა ფორმით დატვირთვა.  

„მხოლოდ 3 თვის ვადით მიეცა შესაძლებლობა სამაუწყებლო კომპანიას მოახდინოს მის მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების გაქირავება. მე ვერ ვხედავ, რომ ამან არსებითად რაიმე ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს. მთავარი ზიანი, რაც შეიძლება მიდგომოდა ჩემს მარწმუნებელს, შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო დღევანდელი მენეჯმენტის არაკეთილსინდისიერი მოქმედებებით. სწორედ ამიტომ ვითხოვდით დროებითი მმართველების დანიშვნას კომპანიაში. ეს რისკები არსებობს. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილია დროებით მმართველებთან დაკავშირებით,“ - განმარტა პაატა სალიამ.  

როგორც დღეს გახდა ცნობილი, დროებითი მმართველები რუსთავი 2-ში ვეღარ შემოვლენ. სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება, რომელიც რუსთავი 2-ში დროებითი მმართველების დანიშვნას ეხებოდა, სრულიად გაუქმებულია. სასამართლოს კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილება კი დროებით მმართველად დანიშნულ დავით დვალსა და კომპანიის დაყადაღებას ეხება.

დღის ამბები