09 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
ეუთოს მინისტერიალმა უკრაინის შესახებ დეკლარაცია ვერ მიიღო

ბაზელში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალმა უკრაინის შესახებ დეკლარაციის პროექტი კონსენსუსის არარსებობის გამო ვერ მიიღო.

სერგეი ლავროვმა მაიდნის ინციდენტებზე, მალაიზიური ავიალაინერის ჩამოვარდნასა და ეუთოს სისტემურ პრობლემებზე ილაპარაკა.

„ნდობის აღდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ყველა დანაშაულებრივი ქმედების გამოძიების შემდეგ, მათ შორის მაიდნის ტრაგედიის, ოდესის, მარიუპოლის ინციდენტებისა და მალაიზიური თვითმფრინავის კატასტროფის. ეუთომ, რომელიც მონიტორინგის მისიას ეწევა უკრაინაში, ამ მიმართულებებით უნდა გააძლიეროს მუშაობა. ის, რაც უკრაინაში ხდება, ეუთოს სივრცეში სისტემური კრიზისის შედეგია,” - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი რუსეთს მინსკის ხელშეკრულების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა.

„ყველა მხარემ, მათ შორის რუსეთმა უნდა შეასრულოს მინსკის შეთანხმება. ხანგრძლივი მშვიდობის გარანტია არ არსებობს, თუმცა ეს არის ერთადერთი გზა, რითიც შეგვიძლია შემდგომი ესკალაცია ავიცილოთ თავიდან,” - განაცხადა შტაინმაიერმა.

მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. პაველ კლიმკინმა მიმდინარე მოვლენები შეაფასა, როგორც ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა.

„რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიით დასრულდა, მხოლოდ ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არ არღვევს. ის ასევე ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას, რეგიონულ და საერთაშორისო სტაბილურობას,“ - განაცხადა კლიმკინმა.

მინისტერიალის პარალელურად, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები