შპს ტელეკომპანია საქართველომ, გიორგი და ლევან ყარამანიშვილებმა 12 ივლისს შეიტანეს საკასაციო საჩივარი, უზენაეს სასამართლოში განსახილველად. მხარეთა ადვოკატების განცხადებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობაც საკმარისია საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისთვის.
„მოცემულ საქმეზე სახეზეა არა თუ ერთ-ერთი, არამედ კანონით გათვალისწინებული ამ საქმისთვის რელევანტური უკლებლივ ყველა - ოთხივე საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილი: არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი: საკასაციო საჩივარი ქონებრივ და არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე,“ - აღნიშნავენ ადვოკატები.