სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთი მოკლე ვადაში - 1დღეში, გამოტანილი განჩინება - დღეს რუსთავი 2-ის დამფუძნებლების ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოდან განჩინება მიიღეს.
დოკუმენტის მიხედვით, არ დაკმაყოფილდა იურისტების მოთხოვნა გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორებაზე.
ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უსწორობის გასწორების თხოვნით 13 ივლიისს მიმართეს და სასამართლოდან გასწორებაზე უარი 1 დღეში, 14 ივლისს, მიიღეს.
„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებული იქნა უსწორობა. კონკრეტულად, დავის საგანში მითითება იყო, რომ ეს არის ინტელექტუალური და საავტორო საკუთრების უფლება, რაც არ არის სწორი, რადგან სააპელაციო სასამართლოში ბოლო სხდომაზე ქიბარ ხალვაშმა უარი თქვა მის სასარჩელო მოთხოვნაზე სწორედ ინტელექტუალურ და საავტორო უფლების და ზიანის ანაზღაურების ნაწილში. რუსთავი2, როგორც მხარე, გამორიცხული ვიქენით ამ საქმიდან და ეს ფაქტი გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ პროცესებზე არ დავეშვეთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი2 მხარე აღარ ვიყავით, დავის საგანსაც აღარ წარმოადგენდა ინტელექტუალური საკუთრება და საავტორო უფლებები, გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ მაინც მიუთითა, რომ ეს არის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ დავა, მაგრამ რუსთავი2 მხარედ აღარ იყო მითითებული.
"კანონმდებლობის თანახმად, მხარეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და უსწორობის გასწორება მოითხოვოს. კანონმდებლობით მონიჭებული ეს უფლება ჩვენ გამოვიყენეთ და სასამართლოს მივმართეთ. სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ უპრეცენდენტოდ დაჩქარებულ ვადებში განჩინება გამოიტანა და უარი გვითხრა ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე," - განაცხადა იურისტმა, თამთა მურადაშვილმა.
ეს განჩინება შესაძლებელია, გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში 12 დღის ვადაში.
რუსთავი2-ის იურისტები უსწორობის შესწორებას და უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ.