19 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილი თავმჯდომარეს მიმართავს - წერილში "რუსთავი 2"-ზეც არის საუბარი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილი თავმჯდომარეს მიმართავს. დღეს გახმაურდა იმ წერილის შინაარსი, რომელსაც ხელს აწერენ მოსამართლეები თავაძე, ფაფიაშვილი, ცაბუტაშვილი, სიჭინავა და ტურავა.

მიმართვაში ძირითადად საუბარია გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ზეწოლაზე, საქმეების განხილვის დაჩქარებასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დროს ითხოვენ.

„ჩვენი აზრით, არაერთგვაროვანია სასამართლოს მიდგომები საქმეთა გადაწყვეტასთან დაკავშირებით. თითოეული ჩვენგანისთვის ცნობილია, რომ საქმის გადაწყვეტა საჭიროებს მასთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფილ, ამომწურავ შესწავლას, რისთვისაც აუცილებელია გონივრული დრო. დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დღის წესრიგის ერთპიროვნულად, სასამართლოს სხვა წევრების აზრის გათვალისწინების გარეშე, იმგვარად განსაზღვრა, რომ მოხდეს გარკვეული საქმეების გადაწყვეტის ფორსირება, განსაკუთრებით იმ საქმეებზე, რომლებიც არის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი,“- აღნიშნულია წერილში.

დაჩქარებული განხილვის მაგალითად წერილში რუსთავი 2-ის საქმეა დასახელებული.

წერილზე ერთ-ერთმა ხელის მომწერმა მოსამართლემ კურიერთან სატელეფონო კომენტარი გააკეთა. 

„ჩვენ, ვინც ხელი მოვაწერეთ ამ განცხადებას, ამ მოვლენების ფონზე გადავწყვიტეთ, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობს. ასეთი ფონი არასდროს ყოფილა, ძალიან რთულ საქმეებზეც კი მშვიდი და წყნარი ვითარება იყო, იმიტომ, რომ ყველამ ყოველთვის იცის, ეცოდინება, რომ გადაწყვეტილება სამართლიანი და კანონიერი იქნება. ზოგიერთის განცხადება არაგონივრულ ვადებზე, მინიმუმ, მიუღებელი და გაუგებარია,“- განაცხადა ოთარ სიჭინავამ.

დღის ამბები