07 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
აფეთქება ნიუ-იორკში - ქალაქში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული

ამ წუთებში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული ნიუ-იორკში, სადაც რამდენიმე საათის წინ აფეთქება მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მანჰეტენზე, ჩელსის რაიონში ამოქმედდა. პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა, 24 დაშავებული სხვადასხვა ხარისხის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქება ადგილობრივი დროით საღამოს 20:30-ზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ხელნაკეთი ბომბი ნაგვის ურნაში ამოქმედდა.

აფეთქებიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ მოიპოვა ინფორმაცია. ერთი აუფეთქებელი ხელნაკეთი ბომბი ძალოვანებმა იმავე უბანში აღმოაჩინეს.

სამართალდამცველებს მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია ამ დრომდე არ მიუნიჭებიათ. 

ნიუ-იორკის მერის ინფორმაციით, გამოძიებას ამ დრომდე არ გამოუვლენია კავშირი მანჰეტენსა და ნიუ-ჯერსიში საქველმოქმედო მარათონის წინ მომხდარ აფეთქებებს შორის. თუმცა, გამოძიებამ უკვე დაადასტურა, რომ ნიუ-ჯერსის შემთხვევაშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის ურნაში იყო დამონტაჟებული.

ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში მომხდარ აფეთქებებს უკვე გამოეხმაურნენ პრეზიდენტობის კანდიდატები. ჰილარი კლინტონმაც და დონალდ ტრამპმაც მომხდარის შესახებ სხვადასხვა შტატებში წინასაარჩევნო შეხვედრების მსვლელობის დროს შეიტყვეს და გამოძიებას დეტალების დროულად დადგენისკენ მოუწოდეს.

ავტორი: თეა თეთრაშვილი.

დღის ამბები