20 მაისი 2024,   08:04
ვრცლად
მოსამართლემ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა

პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია. შოთაძის უწყებას კიდევ ერთი თვე აქვს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებების მოსაპოვებლად. ამ დროის განმავლობაში კი ბრალდებული პატიმრობაში დარჩება. დაცვის მხარის პოზიცია გირაოთი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოსამართლემ არ გაიზიარა.

მოსამართლემ დაცვის მხარეს 20 ათასლარიან გირაოზე უარი უთხრა და დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მოსამართლემ ბრალდებულის მხრიდან გამოძიების მსვლელობასა და საქმის მოწმეებზე ზეგავლენის შესაძლებლობა დაასახელა.

ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ ადვოკატების არგუმენტები არ გაიზიარა, რომლებიც სასმართლოს დარწმუნებას იმაში ცდილობდნენ, რომ ბრალდებულ დეკანოზს გამოძიებასა და საქმის მოწმეებზე გავლენის მოხდენის სურვილი და შესაძლებლობა არა აქვს. ადვოკატებმა დამატებით არგუმენტად დღეს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დაასახელეს, რომელიც მათი განცხადებით გაუარესებულია.

დეკანოზის ინტერესების დამცველებმა სასამართლო დღეს არაობიექტურობაში ღიად დაადანაშაულეს. ისინი დაინტერესებული წრეების მხრიდან გავლენებზე მიუთითებენ.

ადვოკატების ვარაუდებსა და პოზიციებს არ იზიარებენ საქმის პროკურორები, რომლებიც აცხადებენ, რომ ბრალდებულის გათავისუფლება დაუშვებელია. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი პროკურატურისთვის ამ დრომდე უცნობი პირია, რომელმაც გამოძიების ვერსიით, ბრალდებულ დეკანოზს ციანიდი მიჰყიდა და, რომელიც შესაძლოა, დანაშაულის თანამზრახველია.

ციანიდის საქმეზე მომდევნო სხდომა 5 მაისს გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები