ქართული ოცნების ყოფილი და მოქმედი წევრებისთვის გადაცემული მიწები, ამ ადამიანებს შორის ერთ-ერთი პარტიის ყოფილი დეპუტატი და ამჟამად ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვია. მისი ოჯახის წევრს მთავრობამ ბორჯომის ცენტრში მდებარე საცურაო აუზის შენობა პირდაპირი მიყიდვის წესით, ობიექტისთვის თავდაპირველი ფუნქციის დასაბრუნებლად, გადასცა და სანაცვლოდ ქალაქის ცენტრში, 2300 კვადრატულ მეტრ მიწაზე განთავსებული შენობა 50 000 ლარად მიჰყიდა - 1 კვადრატული მეტრი 21 ლარად. ინვესტორისთვის ერთ-ერთი პირობა ბორჯომის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის აუზზე უფასო საცურაო დროის გამოყოფაა.
სანდრო ეულის 5 ნომერში, მშენებარე მეტროსადგურთან მდებარე 4170 კვადრატული მეტრი მიწა ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის კომპანიას 2014 წლის 18 დეკემბრის მთავრობის გადაწყვეტილებით 500 000 ლარად გადაეცა. მაშინ ის პარლამენტის დეპუტატი იყო. თავად ამბობს, რომ 2 მილიონ ლარზე მეტი საცხოვრებელი კორპუსის საძირკველში უკვე დააბანდა, ხოლო მშენებლობა კი ობიექტური მიზეზის გამო ვერ დაასრულა.
ვალერი გელაშვილის და ლერი ხაბელოვის 30 სართულიანი ცათამბჯენის გვერდით თბილისში ის ცნობილი 4200 კვადრატული მეტრია, რომელიც დედაქალაქის მერიამ და საკრებულომ ზვიად ნაზღაიძეს, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ძმას გადასცა. საკრებულოს ოპოზიცაში პირველად ასაჯაროებენ დოკუმენტაციას, საიდანაც ირკვევა, რომ ორივე ამ მიწაზე ინტერესი სხვა ინვესტორებსაც ჰქონდათ.
დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ დეველოპერი ამ ორივე ნაკვეთზე დედაქალაქის მერიას სამშენებლოდ გამოყენების შესახებ 2015 წლის თებერვალში ეკითხებოდა. რატომ გადაწყვიტა ეკონომიკის სამინისტრომ მიწის ნაკვეთის გასხვისება პირდაპირი მიყიდვის წესით, მაშინ როცა ინვესტორთა მხრიდან ინტერესი არსებობდა გაურკვეველია. ისევე, როგორც ბუნდოვანია რის მიხედვით განისაზღვრა ნაკვეთის ღირებულებად 500 000 ლარი.
პირდაპირი მიყიდვის წესით საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად ასობით სხვადასხვა ობიექტს ასხვისებს, კონკრეტული საწარმოების აშენების და ხალხის დასაქმების პირობით.
ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.