18 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
მდინარე ენგურთან მდებარე საოკუპაციო ზოლიდან მამა-შვილი გაიტაცეს - ოჯახი შველას ითხოვს

ე.წ. მესაზღვრეებმა სამეგრელოს სოფელ რიყეში მცხოვრები მამა-შვილი გაიტაცეს. მოქალაქეები ენგურთან მდებარე საოკუპაციო ზოლთან დააკავეს, ამის შესახებ ოჯახის წევრებმა მაშინ შეიტყვეს, როდესაც პაატა და არჩილ როგავებთან ტელეფონით დაკავშირებას ცდილობდნენ და მათ რუსმა ე.წ. მესაზღვრემ უპასუხა და განუცხადა, რომ ისინი დაპატიმრებულები იყვნენ.

მამა-შვილი ენგურზე დაკარგული ცხენის მოსაძებნად იყო წასული, როდესაც ე.წ. მესაზღვრეებმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, შემდეგ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, როგავებს მდინარის მეორე მხარეს გადასვლა იარაღის მუქარით მოსთხოვეს.

ოჯახის წევრების განცხადებით, მათ გუშინ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მამაკაცი დაუკავშირდა, რომელიც ოჯახის უფროსთან, არჩილ როგავასთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იყო დაპატიმრებული. უცნობი მამაკაცის განცხადებით, არჩილ როგავას ოკუპანტები სასტიკად ეპყრობიან და სცემენ.

ასევე ცნობილი გახდა, რომ მამა-შვილი სხვადასხვა საპატიმროში ჰყავთ, რადგან პაატა როგავამ ტელეფონით ოჯახთან დაკავშირება და მხოლოდ იმის თქმა შეძლო, რომ საბუთები სასწრაფოდ სჭირდებოდა და ის სამხედროებს სოხუმში გადაჰყავდათ.

როგავების ოჯახი სოციალურად დაუცველია და ხელისუფლებისგან შველას ითხოვს. ნახეთ ფოტოებზე, რა პირობებში ცხოვრობს დატყვევებული მამა-შვილის ოჯახი.

დღის ამბები