საქართველოს პრეზიდენტი კამპანია კონსტიტუცია ყველასიას ფარგლებში, ილიას უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრას მართავს. გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სტრასბურგის სასამართლოს მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროპის სასამართლო რუსთავი 2-ის საქმის განხილვისას პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა.
პრეზიდენტმა მსგავსი შინაარსის ბრალდებების მიზეზი განმარტა, თუმცა საკითხზე სტუდენტების შეკითხვას თავდაპირველად ხუმრობით უპასუხა.
„მინდა ვაღიარო, რომ ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ-იორკის ბირჟას და გადაცემას ვის უნდა 20 ათასი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მან ნამდვილად არ იცის რატომ და რაზე დაყრდნობით აკეთებენ მსგავს განცხადებებს მმართველი გუნდის პოლიტიკოსები.
„რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები აწვდიან ხოლმე ზოგიერთ თანამდებობის პირს ინფორმაციას, ნამდვილად არ ვიცი. იცით რაშია საქმე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ჩვენ აქ ვახერხებთ, საუბარს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საუბარი შედგეს პოლიტიკოსებს შორის. მნიშვნელოვანია აქ იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც მე მუდმივად ვეპატიჟები,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, დღეს ის სტუდენტებთან შეხვედრებს მარტო არ უნდა მართავდეს და უმრავლესობა კაბინეტებში არ უნდა იყოს ჩაკეტილი.