20 მაისი 2024,   03:52
ვრცლად
მორიგი პროვოკაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი - ლავროვის სოხუმში ვიზიტს თბილისში აფასებენ 

რუსეთის მხრიდან მორიგ პროვოკაციად და ოკუპირებული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ თბილისში, 18 აპრილს სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის დაგეგმილ ვიზიტს.

ევროპული საქართველოს შეფასებით, მნიშვნელოვანია პარლამენტმა მიიღოს რეზოლუციის ის პროექტი, რომელიც მათ წარადგინეს, რათა საკანონმდებლო ორგანომ გამოეხატოს თავისი მკვეთრი პოზიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

„ყველაფერი არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რაც რუსეთს გააჩნია და რომლის მიზანიც არის ამ რეგიონების ანექსია. შესაბამისად, ამ ანექსიას სჭირდება მნიშვნელოვანი საწინააღმდეგო ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მოვლენების ფონზე, ხელისუფლება არ უჭერს მხარს ჩვენს რეზოლუციას, რომელიც სწორედ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებაა,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.

ხელისუფლებას აკრიტიკებს და უმოქმედობაში ადანაშაულებს ნაციონალური მოძრაობაც.

„რუსეთი დგამს უფრო და უფრო აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ლავროვის ვიზიტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის ამის მკაფიო გამოხატულება,“ - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და პარტნიორები, საქმის კურსში იყვნენ რუსეთის პროვოკაციული ქმედებების შესახებ.

“რეზოლუცია ბევრი მივიღეთ პარლამენტის კედლებში ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად და რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგოდ. კიდევ ერთხელ თუ საჭირო იქნება მივიღებთ. რაც შეეხება ოპოზიციის წუწუნს, რომ არიქა ჩვენი რეზოლუცია იბლოკება, არცერთი საკითხი ოპოზიციის არ დაბლოკილა,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

დღის ამბები