წაქცეული ასწლოვანი ხეები, გადახდილი სახურავები და ღია ცის ქვეშ დარჩენილი რამდენიმე ოჯახი. ძლიერმა ქარმა ყველაზე მეტად ოზურგეთის რაიონი დააზარალა. მოგლეჯილმა ხეებმა პრობლემები გადაადგილების მიმართულებითაც შექმნა, რაიონის რამდენიმე შიდა გზა თითქმის 3 საათის განმავლობაში ჩახერგილი იყო.
სტიქიას უბედური შემთხვევაც მოყვა. მამაკაცი, რომელიც დაზიანებული სახლის სახურავის შეკეთებას ცდილობდა, ძლიერი ქარის გამო ჩამოვარდა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, მოსახლეობას ელექტროენერგია რამდენიმე საათი არ მიეწოდებოდა.
სტიქიას ებრძოდნენ აჭარაშიც. ძლიერი ქარის გამო უსახლკაროდ დარჩა შაინიძეების ოჯახი ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში. ქარმა დაუნგრია ხის სახლი, სადაც შაინიძეების ოჯახი მცირეწლოვან წევრებთან ერთად ცხოვრობდნენ.
ქარბორბალამ პრობლემები შექმნა გონიოშიც. ძლიერმა ქარმა ერთ-ერთ სახლს სახურავი გადახადა, მოგლეჯილი სახურავი რამდენიმე მეტრის მოშორებით პოლიციის შენობაში მდგომ მანქანებს დაეცა.
სტიქია იყო სამეგრელოშიც. ხეები მოგლიჯა და ელექტროსადენები გაწყვიტა ძლიერმა ქარმა ზუგდიდში. ელექტრო ენერგიის გარეშე იყო დარჩენილი ზუგდიდის ნაწილი. რთული ვითარებაა წალენჯიხის რაიონის სოფლებშიც, განსაკუთრებით კი ჯვარზენში, სადაც საგანგებო შტაბიც შეიქმნა.
ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან.
ავტორები: ფატი მდორეული