მეუფე პეტრე ცაავა არჩევანის ეთერში საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას, განცხადებას ეხმიანება. იურისტი აცხადებს, რომ გერმანიაში შორენა თეთრუაშვილის გარდა სხვა პირების, პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობისა და არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულის მკვლელობაც იგეგმებოდა.
მეუფე პეტრე აცხადებს, რომ მისთვის წმინდა სინოდის მიერ გამოძიებისთვის სრული ნდობის გამოცხადება მიუღებელია.
„ალბათ, შემდეგი ეტაპი იქნება ისევ სამარცხვინო, რომ სრულ ნდობას გამოვუცხადებთ სასამართლოს და მივიღებთ შედეგს, რომ სრული ნდობა გამოეცხადება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელისგანაც უფალმა დაგვიფაროს,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.
მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ამ სცენარის ავტორი არის შორენა თეთრუაშვილია. ის ედიშერ ქარჩავას ვარაუდს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში „დაბნეულობის შემოტანას“ ემსახურება.
მისი თქმით, უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძემ, რომელიც შორენა თეთრუაშვილთან მეგობრობს, ხელისუფლება და საგამოძიებო ორგანოები შეცდომაში შეიყვანა.
„ეს არის სამარცხვინო რეალობა, რომლისგანაც უნდა გამოვიდეს ეკლესია და დაიხსნას თავი,“ - აცხადებს მეუფე პეტრე.
მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძე დღემდე არავის უზიარებია მაშინ, როდესაც მღვდელი კვირაში ერთხელ მაინც უნდა ეზიაროს.
„2 ვარიანტია, ან ხელისუფლება არ გვენდობა, რომ ჩვენ მიერ შეტანილი სასმელი, ღვინო და წმინდა ნაწილი არ იქნება ტრაგიკული მამაოსთვის, ან ნდობას არ გვიცხადებს, რომ შეგვიშვას, რაც უბრალოდ შეურაცხმყოფელია,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.