18 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
ეს საქმე არის ძალიან დიდი გამოცდა სასამართლო უწყებისთვის - მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმეზე

მეუფე პეტრე პროკურატურის მიერ მამა გიორგი მამალაძისთვის ბრალის დამძიმების ფაქტს ეხმაურება. არჩევანის ეთერში მეუფემ აღნიშნა, რომ პროკურატურას ადეკვატური ნაბიჯების გამბედაობა არ ეყო.

„მე დარწმუნებული ვარ მამა გიორგის სიმართლეში და გულწრფელობაში, რაც მან მე შეხვედრის დროს მომიყვა, რომ მას არანაირი ნივთიერება არსად არ მიჰქონდა და ეს არის ყველაფერი დადგმული სცენარი, რომელიც ასევე იყო გათვლილი, ჩემი აზრით, იმისთვის, რომ პატრიარქი შეიძლებოდა, ოპერაციიდან ვერ გამოსულიყო. ამაზე უფრო მეტად იყო გათვლილი და, შესაბამისად, იქ განიარაღება უნდა მომხდარიყო პატრიარქის ოჯახის წევრებისა და დაცვის სამსახურისა. ამიტომაც ფიქრობენ, რომ ბომბი აუფეთქდა ხელში,“ - აცხადებს მეუფე პეტრე.

მეუფემ აღნიშნა, რომ მამა გიორგიმ მასთან საუბარში გაიხსენა, რომ ერთ-ერთ მინისტრთან შეხვედრაზე დეკანოზმა აღნიშნულ პირს სთხოვა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტისთვის ამ საქმის დეტალებზე არაფერი ეთქვა, ხოლო მინისტრისგან მიიღო პასუხი, რომ „მამაო, ძალიან გთხოვ, ამას ნუ დამავალებ, თორემ დამაკარგვინებს მინისტრობას“.

მეუფემ განაცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმე სასამართლო უწყებისთვის დიდი გამოცდა იქნება.

„აი, ეს საქმე არის გამოცდა, ძალიან დიდი გამოცდა სასამართლო უწყებისათვის. მთელი ბიუჯეტი რომც დაიხარჯოს, ვერანაირ ავტორიტეტს ვერ აღიდგენენ, თუ აქ უდანაშაულო მღვდელთან მიმართებაში უსამართლო გადაწყვეტილებას მიიღებენ და თავს ცოდვაში ჩაიგდებენ,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

დღის ამბები