18 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ქარტიამ ტერმინების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა-ევა გოცირიძის მორიგი კრიტიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის მორიგი კრიტიკა და წერილობითი მიმართვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისადმი.

უმაღლესი საბჭოს წევრი  ქარტიას ტერმინების არასწორ ინტერპერტირებაშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათ არ მოუთხოვიათ არავის სისხლის სამართლებრივი დასჯა.

როგორც ევა გორიცირძე წერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ელოდნენ, რომ ქარტია უკეთ დაინახავდა თემის პრობლემატურობას. საკუთარი წერილობითი განცხადების ვრცელი განმარტება გოცირიძემ კურიერთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა. 

„ქარტიამ არცერთი ჩვენი წუხილი არ გაიზიარა. ვფიქრობ, რომ ისინი კარგად არ ჩაუკვირდნენ საქმის არსს და ძალიან ხისტი პასუხი გასცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მათ ჰქონდათ განცხადებაში მითითებული ასეთ რამ, რომ მათთვის გაუგებარი იყო ის თითქოს ჟურნალისტებს ეკისრებათ თვითშეზღუდვის ვალდებულება და თვითცენზურის ვალდებულება.

"მე ვფიქრობ, რომ ამ ქარტიამ არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა ამ ტერმინებისა. ჩვენ არ მოგვითხოვია არავის სისხლის სამართლებრივი დასჯა, არ მოგვითხოვია, რომ დაწესდეს ცილისწამების გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ხომ არ შევაფასოთ არის თუ არა რეაგირების საშუალებები ადეკვატური,“-აცხადებს ევა გოცირიძე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში კი აცხადებენ, რომ მათ უკვე გასცეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაბამისი პასუხი და აღარ აპირებენ დისკუსიაში ჩართვას.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ევა გოცირიძეს უპასუხა საკუთარი განცხადებით, ამიტომ აღარ აპირებს ამ დისკუსიაში შესვლას. ჩვენი პოზიცია იქ ძალიან ცხადად არის ჩამოყალიბებული და ამ უსტარულ რეჟიმში წერილებზე პასუხს აღარ ვაპირებთ,“-აცხადებს ნატა ძველიშვილი.

დღის ამბები