უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ არსებულ საკითხებს, რაზეც საზოგადოება განმარტებებს ელოდება, კიდევ ერთი ბრალდება დაემატა. არჩევანის ეთერში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა ნინო გვენეტაძის მხრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე, მამუკა ახვლედიანზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. ეს ფაქტი, გადაცემის პირდაპირ ეთერში თავად მამუკა ახვლედიანმაც დაადასტურა.
ამ საკითხზე საუბარს ნინო გვენეტაძემ დღეს თავი აარიდა. მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ტრადიციულად, სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა.
მამუკა ახვლედიანის თქმით, მასზე მუქარა და ზეწოლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ეკა გასიტაშვილის მხარდაჭერას ეხებოდა. თუმცა, მიუხედავად ნინო გვენეტაძის მცდელობებისა, ეკა გასიტაშვილის კანდიდატურა ჩავარდა და მხარდაჭერა კონფერენციაზე მურუსიძის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ლევან თევზაძემ მოიპოვა, რის შედეგადაც ახვლედიანი ამბობს, რომ ძალაუფლება ამ გუნდმა კიდევ უფრო გაიმყარა.
იუსტიციის საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ კანდიდატების მხარდაჭერისას არაფორმალური გავლენების მოხდენას ადგილი არ ჰქონია.
ავტორი: ნატა კვირჩილაძე