დღეს 162-ე სკოლაში სასწავლო პროცესი პედაგოგებისა და მშობელთა ნაწილის პროტესტის გამო ჩაიშალა. პროტესტის მიზეზი პირველ ექსპერიმენტულ და 162-ე სკოლებს შორის გაფორმებული პარტნიორობის მემორანდუმი იყო. მასწავლებელთა კოლექტივი მიიჩნევს, რომ მსგავსი მემორანდუმი 162-ე სკოლის დახურვას მოასწავებს.
დღეს პედაგოგებსა და მშობლებს განათლების მინისტრის მოადგილეც შეხვდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
დღის ბოლოს თავად განათლების მინისტრმა და ვიცე პრემიერმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ პირობა დადო, რომ მემორანდუმი სკოლებს შორის გაუქმდება, თუ კოლექტივის მხრიდან ამის სურვილი იქნება.
"თუ პედაგოგიური კოლექტივი გადაწყვეტს, რომ არ უნდათ ასეთი მემორანდუმი, პირობას ვაძლევ თქვენც და ყველას, რომ ეს მემორანდუმი გაუქმდება აუცილებლად. სამინისტროსგან დავალება, რომ საკითხი არ გახმაურებულიყო, არ ყოფილა, ეს სიცრუეა,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.