სახალხო დამცველი ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს. უჩა ნანუაშვილის სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დასრულდა. ომბუდსმენი სასამართლოსგან იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვით, პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება-შეძენა-შენახვისთვის სასჯელის ნორმად პატიმრობაა განსაზღვრული.
მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული სანქცია არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და წარმოადგენს ღირსების შემლახველ სასჯელს.
ომბუდსმენის ინიციატივას მხარს უჭერენ მესამე სექტორში. ორგანიზაციებში, რომლებიც მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას ითხოვენ, მიაჩნიათ, რომ არსებული რეპრესიული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.
ნარკოპოლიტიკა რომ მკაცრია და შეცვლას საჭიროებს, ამაზე მმართველ გუნდშიც საუბრობენ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კანონში ცვლილებების პაკეტის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში, მაისის ბოლოსთვის მოხდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველის სარჩელის არსებითი განხილვა დასრულდა. მოსამართლეები სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად გავიდნენ.