18 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
გორის სტადიონი მესაკუთრეს უბრუნდება - ბიზნესმენი რამდენიმე მილიონით გაძვირებულ სტადიონს ჩაიბარებს

ევროპის ჩემპიონატისთვის გორის სტადიონზე მზადება უკვე დაწყებულია. წლების განმავლობაში ტერიტორიის მოსაწყობად რამდენიმე მილიონი უკვე დაიხარჯა, თუმცა საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, ბიუჯეტიდან დამატებით კიდევ მილიონზე მეტი ლარი გამოიყო. ეს იმ პირობებში, როდესაც სტადიონს უახლოეს მომავალში კერძო მესაკუთრე ეყოლება.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულად სცნო მიხეილ ლურსმანაშვილი, რომელსაც ქონება უკან უბრუნდება. ლურსმანაშვილის განცხადებით, ის მზად არის ამ ქონების სანაცვლოდ კომპენსაცია მიიღოს.

რა რაოდენობის ფულად კომპენსაციას გადაუხდიან ლურსამანაშვილს ბიუჯეტიდან, ჯერ უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით, მოლაპარაკებები მასთან უკვე დაწყებულია. ბიზნესმენი, რომელმაც ქონების დაბრუნებისთვის პროკურატურას 2012 წლის შემდეგ მიმართა, რამდენიმე მილიონით გაძვირებულ სტადიონს ჩაიბარებს, რადგან სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის დროს, ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის დაახლოებით 4 მილიონი დაიხარჯა.

რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ ჩემპიონატის დაწყებამდე დაახლებით ორი თვით ადრე ქონების კერძო პირისთვის დაბრუნება - ეს არის საკითხი, რომლის საფუძველზეც ადგილობრივი ოპოზიცია შესაძლო კორუფციაზე საუბრობს.

ავტორი: იზო ჩუბინიძე. 

დღის ამბები