36 წლის დიანა ბერიძის ცხედარი ბერძენმა სამართალდამცველებმა 9-დღიანი ძებნის შემდეგ სალონიკთან ახლოს, ტყეში დანაწევრებული იპოვეს. ქალის ცხედარი იმდენად დაზიანებულ იყო, რომ მისი იდენტიფიცირება ოჯახმა მხოლოდ სვირინგის საშუალებით შეძლო.
ქალის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის საქმეზე ბრალი 38 წლის ექიმს წარუდგინეს. ბერძნული მედიის ცნობით, მოკლული ქალი ბრალდებულის პაციენტი იყო.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ექიმთან ოპერაციაზე მისული დიანა ბერიძე ბრალდებულმა სალონიკში მდებარე იპოკრატიოს კლინიკის ერთ-ერთ ოთხში 26 აპრილს მოკლა. მოგვიანებით კი დანაწევრებული ცხედარი კლინიკიდან ფარულად გაიტანა და საკუთარი ავტომობილით კუნძულ ჰალკიდიკზე მდინარეში ჩააგდო.
საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ პოლიციამ 38 წლის ქირურგი დააკავა. თუმცა, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.
დიანა ბერიძის ოჯახს მკვლელობის კონკრეტულ მოტივზე საუბარი უჭირს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ექიმს ქალი ოპერაციის დროს შეცდომის გამო შემოაკვდა, შემდეგ კი ცხედარი გადამალა. ამ ვერსიას ოჯახი გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი საანესთეზიო ნივთიერების კვალის გამოც ეყრდნობა.
დიანა ბერიძე ქობულეთიდან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საბერძნეთში 6 წლის წინ წავიდა, სადაც მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.