თუშეთში ტურისტული სეზონი შესაძლოა, ჩაიშალოს. რეგიონში მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაკეტილია. რამდენიმე კვირის წინ ხეობაში ჩამოწოლილმა მეწყერმა ალაზანი დიდ ტერიტორიაზე დააგუბა. საგზაო სამუშაოებს დიდთოვლობაც აფერხებს. ამის გამო, თუშეთში წელს ტურისტული სეზონი დაგვიანებით გაიხსნება.
სპეციალისტები საგზაო სამუშაოებს მანამდე ვერ იწყებენ, სანამ მდინარის კალაპოტის გახსნა არ მოხდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროში ამბობენ, რომ გამოსავალი მხოლოდ მიმდებარე ადგილის აფეთქებაა.
გზების დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრის გაწმენდას, თითქმის, ორი კვირა დასჭირდება.
თუშეთში მდებარე საოჯახო სასტუმროები მიღებულ შეკვეთებს აუქმებენ.
ავტორი: ია გულიაშვილი