გურიაში საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის საყოველთაო სახალხო განხილვის დროს, კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ, სახალხო დამცველის მეორე ვადით დანიშვნის წესზე ისაუბრა. მისი აზრით, მოქმედი ომბუდსმენის არგუმენტები ამ ინიციატივის წინააღმდეგ, დაუსაბუთებელია.
ვახუშტი მენაბდის აზრით, იმისათვის, რომ სახალხო დამცველი მუდმივად კრიტიკული იყოს და მისი დამოუკიდებლობის დონე მაღალი იყოს, ის მეორე ვადით არ უნდა ინიშნებოდეს.
„სამწუხაროდ, სახალხო დამცველი რასაც ლაპარაკობს, მისი მოსაზრებები, ჩემი აზრით, არ არის დასაბუთებული. პირველი, ის ამბობს, რომ არავითარი არგუმენტი არ მოუსმენია, ეს ასე არ არის, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ თუ მე ვიცი, რომ უნდა ამირჩიოთ, პარლამენტმა თქვენ ხვალ და ვადა გამიგრძელოთ, რა თქმა უნდა, ისე მოვიქცევი, რომ თქვენ არ გაგაბრაზოთ. იმისთვის, რომ ვადა ხელმეორედ მივიღო,“ - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრეტენზია მოქმედი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიმართ არ აქვს და მას დიდი პატივს სცემს. ვახუშტი მენაბდის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ომბუდსმენის უფლებამოსილებები არ იზღუდება და პირიქით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.
ამ საკითხზე კომენტარი მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოსთვის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმაც გააკეთა.
„გასაზიარებელი ბატონი ვახუშტის არგუმენტი, რომ მოქმედ პარლამენტს, რომლის წინაშეც ანგარიშებს წარადგენს ომბუდსმენი, შესაძლებელია ამან მისი კრიტიკულობა შეამციროს, თუმცა ეს არ უნდა იწვევდეს იმას, რომ ამ პიროვნებას, მითუმეტეს, თუ მან დაადასტურა, რომ კარგი ომბუდსმენია, მომავალში, თუნდაც ერთი ვადის ან 2 ვადის გამოტოვების შემდეგ დარჩეს უფლება კიდევ ერთხელ იქნას ომბუდსმენად არჩეული,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.