ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა სასამართლოში 2 დღის წინ დაიწყო. პროკურატურამ მოსამართლესთან სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა. უწყების აზრით, ხალხისთვის იმის მოსმენა, რაც სასამართლო დარბაზში გაჟღერდებოდა, საზოგადოებისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. მოსამართლემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
იმაზე, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მოქალაქეებისთვის შფოთვისა და სასულიერო პირების რეპუტაციის შელახვის მიზეზი, პოსტსკრიპტუმთან ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ ისაუბრა. მისი აზრით, პროცესის დახურვა მიზანშეწონილი იყო, მაშინ, როდესაც ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს.
საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ გამოძიება მამალაძის ბიზნესსაქმიანობის ვერსიაზეც მუშაობს. დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეს საქართველოში ოთხი კომპანიის მეწილეა. აქედან დიმოილში ქართველი პარტნიორი ჰყავს, დანარჩენ სამ კომპანიაში მის გარდა სხვა მეწილეები უკრაინის მოქალაქეები არიან.
ავტორი: ლაშა კვესელაძე.