"წარმოდგენა არ მაქვს" - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის თბილისში ყოფნის საკითხს. ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ქონია.
როგორც ცნობილია, მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი თბილისშია. ის გუშინ წირვას დაესწრო, რომელიც მამა სერაფიმემ აღავლინა. როგორც ბერ დიაკვანმა რუსთავი 2-ს განუცხადა, მოსკოვის ყოფილი მერი ტაძარში, მეუღლესთან ელენა ბატურინასთან ერთად მივიდა. მისი თქმით, მას თან მეგობრებიც ახლდნენ. მამა სერაფიმეს განცხადებით, მათ სურდათ არამეულ ენაზე ჩატარებულ წირვას დასწრებოდნენ. სასულიერო პირი აცხადებს, რომ ეკლესიაში მოსკოვის ყოფილი მერის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ.
გავრცელებული ცნობით, იური ლუჟკოვი მეუღლესთან ერთად უფლისციხეშიც იმყოფებოდა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლუჟკოვი საპატრიარქოსაც სტუმრობდა, საქმის კურსში არ არის მამა სერაფიმე.