დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია ხანდოს ხეობაში. ადგილობრივები ცდილობენ, შეაჩერონ სპეცტექნიკა, რომელმაც მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობა უნდა დაიწყოს.
მოსახლეობის თქმით, ხეობაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს და საფრთხეს უქმნის მათ საცხოვრებელ სახლებს.
ადგილობრივები იმ ტერიტორიაზე ასვლას ითხოვენ, სადაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მონტაჟი მიმდინარეობს. დილიდან დაპირისპირება საპატრულო პოლიციასა და ადგილობრივებს შორის სწორედ ამის გამო მოხდა.
ხანდოს ხეობის მოსახლეები აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ ადგილზე მთის ნაწილი ჩამოჭრეს, რამაც მათი ნაკვეთების მიმართულებით ქვების ცვენა გამოიწვია.
კომპანია ენერგოტრანსში კი აცხადებენ, რომ 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზების მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა და ისინი გარემოს მინიმალურ ზიანს ელოდებიან. დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში, ჯემალ ახალაიამ, განაცხადა, რომ სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს.
„მონაკვეთზე მშენებლობა არ განხორციელდება, ვინაიდან ჩვენ ველოდებით სპეციალურ მეთოდოლოგიას, რომელიც არის გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი. ეს ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის,“ - განაცხადა ჯემალ ახალაიამ.