„საქართველოს სასამართლო სისტემა, რეფორმების შედეგები და პერსპექტივები“ - თბილისში საზოგადოებრივი ფორუმი მიმდინარეობს.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის სასამართლო სისტემაში გასულ წელს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კვლევას წარადგენს.
კვლევის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას. საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა დანიშვნა-შერჩევის ფორმას მთავარ ხარვეზად მიიჩნევენ.
მათივე თქმით, დღემდე საქართველოში მოსამართლეების დამოუკიდებლობის ზღვარი არის ძალიან დაბალი.
მთავარ პრობლემად სახელდება მოსამართლეთა უვადოდ გადანიშვნის წესი. სამოქალაქო სექტორი ეხმაურება დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩანიშნულ სხდომას, სადაც არ არის გამორიცხული, მიხეილ ჩინჩალაძე, რომლის მიმართაც არასამთავრობოთა შეფასებით არაერთი კითხვა არსებობს, მოსამართლედ უვადოდ გამწესდეს.
„ეს კონკურსიც ხასიათდებოდა განსაკუთრებული გაუმჭვირვალობით. დაჩქარებულად წარიმართა პროცესი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იმ მოსამართლეებმაც, რომელთა მიმართაც არსებობს განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელთა შორის არის გიორგი ჩინჩალაძე, შორენა ყაველაშვილი, გიორგი ჩემია და სხვა მოსამართლეები, მათ დახურეს საკუთარი გასაუბრება, რაც არის ერთადერთი ღია პროცესი საზოგადოებისათვის,“ -განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტმა, ოლიკო შერმადინმა.
მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებაზე ამახვილებს ყურადღებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც.
„ჩვენ, სამწუხაროდ, მესამე ტალღის ცვლილების მიუხედავად, ვერ მივიღეთ ისეთი სამართლებრივი სივრცე, რომელიც დაავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაასაბუთოს მისი გადაწყვეტილება,“ - აცხადებს სოფო ვერძეული.