18 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
დახმარების მოლოდინში მყოფი 11 ოჯახი - ცეცხლაურის მოსახლეობა სახიფათო პირობებზე საუბრობს

ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში 23 აპრილის სტიქიის შემდეგ, როდესაც ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა, ათამდე ოჯახს ბინები ყოველი წვიმის დროს ეტბორება. კორპუსის მცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან უყურადღებობას უჩივიან.

კორპუსში, სადაც 11 ოჯახი ცხოვრობს, ადგილობრივების თქმით, სახიფათო პირობებია შექმნილი. ისინი ამბობენ, რომ ძლიერი ქარისგან გადახდილი სახურავის გამო, შენობიდან აგურები ცვივა. ადგილობრივები კორპუსის გადახურვას ითხოვენ, თუმცა ამბობენ, რომ დაპირებების მიუხედავად, მათი პრობლემის მოგვარება ამ დრომდე ჭიანურდება.

დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელსა და ქობულეთის გამგებელს ადგილობრივი ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობა სარეზერვო ფონდებიდან თანხის გამოყოფას ითხოვს.

ქობულეთის გამგეობაში კი ამბობენ, რომ ადგილობრივების დახმარება საქმის დიდი მოცულობის გამო გაჭიანურდა.

სტიქიამ ქობულეთსა და ჩაქვში კორპუსები რამდენიმე ადგილას დააზიანა. სულ დაზარალებულია 200 ოჯახი.

დღის ამბები