ორწლიანი განხილვის შემდეგ, რელიგიის საკითხთა სააგენტომ მოხეს სადაო შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ადგილობრივ მუსლიმ თემს, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა შენობაზე, მიწა გამოეყო, თვითმმართველობას კი ამ მიწაზე მეჩეთის აგებაში დახმარება დაევალა. თბილისში გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა ჯერ უცნობია დათანხმდებიან თუ არა სააგენტოს ვერდიქტს მოხელი მუსლიმები და ქრისტიანები, რომლებიც წლებია ამ შენობაზე დაობენ.
მოხეში მცხოვრები მუსლიმები ამბობენ, რომ შენობა ძველი მეჩეთია და მის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვენ. ქრისტიანები კი აცხადებენ, რომ მეჩეთი ეკლესიის ქვებითაა აშენებული და მინიმუმ კულტურის ცენტრი უნდა განთავსდეს, რომლითაც მთელი სოფელი ისარგებლებს. რელიგიური კონფესიების წარმომადგენელები, რომლებიც კომისიის დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ, იმედოვნებენ, რომ მოხეს მცხოვრებლები გადაწყვეტილებას დათანხმდებიან.
შეგახსენებთ, რომ სოფელ მოხეს ცენტრში მდგარ შენობაზე დავა 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ რაც ადიგენის გამგეობამ გადაწყვიტა, მასში კულტურის სახლი მოეწყო და მის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.