სერიოზული დარღვევების გამო ჯორჯიან მანგანეზს სასამართლოს თანხმობით სპეციალური მმართველი დაენიშნა - გადაწყვეტილება ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრომ მიიღო. უწყებაში აცხადებენ, რომ არა ერთი ჯარიმისა და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად მიცემული ვადების მიუხედავად, კომპანია კანონდარღვევას კვლავ განაგრძობდა, რაც ბოლო დათვალიერების შედეგადაც დადასტურდა.
სამინისტროს განმარტებით, სახალხო დამცველმა კომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერებაც მოითხოვა, თუმცა უწყებამ საწარმოო პროცესის შეწყვეტის თავიდან ასაცილებლად, ამ ნაბიჯზე უარი თქვა.
„სახალხო დამცველის ბოლო რეკომენდაციებში იყო რეკომენდაცია, რომ ჩვენ შეგვეჩერებინა სალიცენზიო და სანებართვო დოკუმენტების მოქმედება, რაც თავისთავად გამოიწვევდა კომპანიის შეჩერებას, დასაქმებულ პირთა დათხოვნას. ჩვენს მიერ გამოყენებულ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მექანიზმი, ეს არის სპეციალური მმართველი, როდესაც სახელმწიფო თვითონ ახდენს სიტუაციის რეგულირებას,“ - განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბათაძემ.
კომპანიისთვის სპეციალური მმართველის დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ჯორჯიან მანგანეზში და არ გამორიცხავენ მის გასაჩივრებას.
„გადაწყვეტილება არის კომპანიისთვის ძალიან მოულოდნელი. ამიტომ, ვამზადებთ სპეციალურ განცხადებას. კატეგორიულად არ მიგვაჩნია და ამის საჭიროებას ამ წუთისთვის ნამდვილად არ მივიჩნევდით,“ - განაცხადა ჯორჯიან მანგანეზის პიარ დირექტორმა ზაქარია ზალიკაშვილმა.
სახალხო დამცველის აპარატი მიმდინარე პროცესს დააკვირდება.