სასამართლო ციხის 7 ყოფილი თანამშრომლისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ ოფიცრებს ბრალად ედებათ პატიმრების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულება.
პროკურატურა საქმეზე ბრალდებული 7 პირისგან პატიმრობას მხოლოდ 6 პირზე ითხოვს. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე 600-მდე ყოფილი და ამ ჟამად პატიმრობაში მყოფი პირია გამოკითხული.
“აქ სირთულეს წარმოადგენდა ის გარემოებაც, რომ პატიმართა ნაწილი, რომლებმაც დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორია, არ იმყოფებოდნენ საქართველოში და დაბრუნების შემდგომ მოხდა მათი დაკითხვა. შესაბამისად, უწყვეტი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, როგორც კი შეიქმნა კონკრეტულ პირებთან მიმართებაში დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რაც აუცილებელია, ამ პირების მიმართ დაწყებულ იქნა სისხლის სამართლებრივი დევნა,“ - განაცხადა პროკურორმა დავით ნეფარიძემ.
ბრალდებულთა ადვოკატები დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების გათავისუფლებაზე იშუამდგომლებენ ან მოითხოვენ, რომ მათ მიმართ გამოყენებული იქნას გირაო. ადვოკატები ასევე აპირებენ ყურადღება გაამახვილონ ზოგიერთი დაკავებულის ჯანრთელობის მდგომარეობაზე.
“ჩვენ რა თქმა უნდა მოვითხოვთ, რომ უფრო მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიება იყოს გამოყენებული,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა მარინა ძამსაშვილმა.