19 წლის გოგოს გამოძიება 78 წლის ბაბუის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. მარიამ კუპრეიშვილთან ერთად მკვლელობის ბრალდებით მისვე თანატოლი გიორგი გვარამიაც დააკავეს. გარდაცვლილ ჯუმბერ კუპრეიშვილს 40 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელს სამართალდამცველები ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ.
მკვლელობის მოტივად გამოძიება ანგარებას ასახელებს. პროკურატურის მტკიცებით, 19 წლის მარიამ კუპრეიშვილმა ბაბუის მკვლელობა მეგობართან ერთად ჯერ კიდევ მარტში დაგეგმა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ მოხუცი სახლში ფულს ინახავდა. თანხა კი, პროკურატურის ცნობით, მათ გიორგი გვარამიას სწავლის საფასურის გადასახდელად სჭირდებოდათ.
პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს არ ენდობა დაცვის მხარე. ადვოკატები აბსურდულს უწოდებენ პროკურატურის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსაც. მარიამ კუპრეიშვილმა და გიორგი გვარამიამ ბრალი, გამოძიების ინფორმაციით, დაკავების შემდეგ აღიარეს, თუმცა, ადვოკატები აცხადებენ, რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა. ორივე ბრალდებული დუმილი უფლებას იყენებს.
78 წლის ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულ მარიამ კუპრეიშვილს და გიორგი გვარამიას აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ დღეს წინაწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.