მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის კანონიერებაზე საქალაქო სასამართლო მსჯელობას 3 ივლისიდან გააგრძელებს. სასამართლო პროცესი საკრებულოს ოპოზიციური პარტიების მიერაა ინიცირებული.
საკრებულოს გაერთიანებული ოპოზიცია უკანონო და სავარაუდოდ კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და საკრებულოს იმ გადაწყვეტილების სასამრთლო ძალით გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვით ზვიად ნაზღაიძეს 1 მლნ ლარის ღირებულების ქონება გადაეცა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მარინა დათუკიშვილი, აღნიშნავს, რომ მათ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და ქალაქის მერის ჩართვა მოითხოვეს.
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, აღნიშნავს, რომ სავარაუდო კორუფციულ სქემაში მონაწილე ყველა პირის დაკითხვის შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს. ოპოზიციონერი იმედოვნებს, რომ დავით ნარმანია საკრებულოს სხდომაზე უპასუხოდ დატოვებულ კითხვებს სასამართლოში მაინც უპასუხებს.