18 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა - ყველაზე მეტი შეკითხვა რუსთავი2-ის საქმეს ეხებოდა

რუსთავი2-ის საქმე და სასამართლო პროცესი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რაზეც სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის დროს პარლამენტში დეპუტატების მხრიდან შეკითხვები დაისვა.

ომბუდსმენი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმეზე გამოხატვის თავისუფლებაზე ანგარიშშიც ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან გაუმართლებელი ჩარევის საფრთხე უნდა გამოირიცხოს.

„სახალხო დამცველი აკვირდებოდა ტელეკომპანია რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე სასამართლო პროცესს ისევე, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველი აღნიშნულ საქმეებს მედიის თავისუფლების კონტექსტში განიხილავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი ჩარევის საფრთხე გამოხატვის თავისუფლებაზე ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ არველაძე, დაინტერესდა, კონკრეტულად რა ფაქტები არსებობს რუსთავი2-ის საქმეში ხელისუფლების ჩარევის შესახებ.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, დაინტერესდა, „რამდენად სამართლიანია, რომ ის 9 მოსამართლე, რომელმაც მიაკუთვნა რუსთავი2 ქიბარ ხალვაშს, ისევ ინარჩუნებს თავის პოსტს“.

კითხვით მიმართა სახალხო დამცველს ქართული ოცნების წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

„თვლით თუ არა, რომ ახლანდელმა მფლობელებმა, კერძოდ დე-ფაქტო მფლობელმა ბატონმა სააკაშვილმა და იმ გუნდმა, რომელიც ახლა ფლობს რუსთავი2-ს, წაართვა თუ არა იმ მფლობელებს, რომლებიც ახლა დაობენ სასამართლოებში, ტელეკომპანია? - ამ კითხვით მიმართა ქართული ოცნების წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა სახალხო დამცველს.

უჩა ნანუაშვილი რუსთვი 2-ის საქმეში ჩარევაზე ამახვილებს ყურადღებას. 

„ჩარევაზე ვსაუბრობდით და ჩარევის შემთხვევა იყო თუნდაც ის გადაწყვეტილება მოსამართლის მხრიდან,  როდესაც დროებითი ადმინისტრაცია შეიქმნა რუსთავი2-ში და შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, სწორედაც რომ იყო ზუსტად ჩარევის ნიშნები, მათ შორის სარედაქციო პოლიტიკაში,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

 

დღის ამბები