კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ რუსთავი 2-ის საკითხის განხილვა სამშაბათისთვის გადადო. საუბარია ვიდეო რგოლების ეთერში გაშვებაზე, რომელიც კომისიის ვარაუდით, არაწინასაარჩევნო გარემოში პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს. ერთ-ერთი ვიდეო რგოლი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლიპია, რომელშიც ევროპული საქართველოს წევრები მონაწილეობენ.
კომისიის მტკიცებით, ვიდეო აგიტაციის ნიშნებს შეიცავს და არ შეიძლება სოციალურ რეკლამად ჩაითვალოს. ასეთივე მიდგომა აქვს კომისიას მეორე რგოლთან დაკავშირებითაც, სადაც იგივე პარტიის ლიდერები მონაწილეობენ.
„კომისიამ უნდა მოახდინოს კანონის ინტერპრეტირება ადამიანის უფლებათა კონვენციის შესაბამისად, ვინაიდან, ამას პირდაპირ ამბობს ჩვენი კანონმდებლობა, რომ ჩვენი კანონით განსაზღვრული ნორმები უნდა იქნეს ინტერპრეტირებული სწორედ ამ გზით, ამიტომ მკაცრი, ხისტი მიდგომა დაუშვებელია. გარდა ამისა, ამ კლიპის შინაარსი უნდა იქნეს შეფასებული არა მხოლოდ კონკრეტული ფრაზით, არამედ მთლიანად ერთობლიობაში, ამ კლიპის მიზნისა და შინაარსიდან გამომდინარე,“ - განაცხადა იურისტმა თამთა მურადაშვილმა.
ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე კანონის ამგვარ ინტერპრეტაციას არასწორად მიიჩნევს.
„იმის თქმა, რომ აკრძალულია მთლიანად პოლიტიკური რეკლამა არასაარჩევნო პერიოდში, არის უბრალოდ, არასწორი. ამასთანავე არის დისკრიმინაციული, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი შემთხვევა, ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც სწორედ ასე იქცეოდნენ სხვა პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური რეკლამა გადიოდა სხვა ტელე არხებზე,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის გარდა, სხვა დანარჩენ დროს, პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესაძლებლობას კანონი არ იძლევა.