თბილისის მერიის მოსალოდნელმა გადაწყვეტილებამ დღეს აუტისტი ბავშვების დედები ქუჩაში გამოიყვანა. მათ შემთხვევით გაიგეს, რომ დედაქალაქის მთავრობა აუტისტი ბავშვებისთვის სპეციალური თერაპიის დაფინანსებას ამცირებს. ამ დრომდე ოჯახები სახელმწიფოსგან მკურნალობის 20 საათს უფასოდ იღებდნენ, ახალი ინიციტივით კი, ეს დრო 15-მდე მცირდება. მიზეზი ბიუჯეტის სიმცირეა.
აქციის მონაწილე მშობლები დღეს მერიის წარმომადგენლებმა მიიღეს. სოციალური სამსახურის უფროსმა და თბილისის მერის მოადგილემ მშობლებს განუმარტეს, რომ გადაწყვეტილება ბენეფიციარების რაოდენობის გაზრდის გამო მიიღეს. 20 საათის დაფინანსებისთვის კი, თბილისის ბიუჯეტში საკმარისი თანხები არ აღმოჩნდა. განცხადება ამ თემაზე დღეს თბილისის მერმა გააკეთა.
მერიის ინიციატივა საბოლოოდ საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ჯერ არ გადაგზავნილა, ოპოზიცია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის დაფინანსების შემცირებას მხარს არ დაუჭერს. საკრებულოს თავმჯდომარე კი, პროგრამაში ცვლილებებს არ გამორიცხავს.
მხოლოდ თბილისში რეგისტრირებული 7-დან 15 წლამდე აუტისტი ბავშვებისთვის დედაქალაქის მთავრობა წელიწადში 2.5 მილიონ ლარს ხარჯავს. ამ დრომდე დაფინანსებას მხოლოდ 600 ბავშვი იღებდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ თერაპიის შემცირებული დრო მინიმალურ ეფექტსაც ვეღარ გამოიღებს.